მდინარე ალაზანი




ალაზანი, მდინარე აღმ. საქართველოში. ა-ის ქვემო დინების გასწვრივ გადის საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარი. სიგრძე390 კმ, აუზის ფართ. 11,8 ათ. კვ. კმ. სათავე კავკასიონზე, მწვ. დიდი ბორბალოს აღმ. ფერდობზე აქვს. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გადმოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (აზერბ.). ა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წლ. ჩამონადენის დაახლ. 40 %-ს მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლისა 30-30 %-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა-შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 38,3 %, ზაფხულზე-29,1 %, შემოდგომაზე-20,3 %, ზამთარში-12,3 %. არ იყინება. ა-ის მარცხენა შენაკადებია სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, ლაგოდეხისწყალი, მაწიმისწყალი, გიშისწყალი (აგრიჩაი) და სხვ.; მარჯვ.-ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერემისხევი, ფაფრისხევი და სხვ.; ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., დურუჯი). ა-ს მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ. კუბ. მ. წყალი. იყენებენ სარწყავად.
 
(ი. აფხაზავა, ქსე).

Comments